საინტერესო ფაქტები ახალი, მესამე თაობის Porsche Cayenne-ის შესახებ

უდაოა, რომ Volkswagen-ის ჯგუფში შემავალი ყველა მარკის თანამედროვე ავტომობილი, წინამორბედი ვარიანტისგან დიზაინით და გარეგანი იერით პრაქტიკულად არ განსხვავდება. ასეთი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია Audi-ს შემთხვევაში. როგორც ჩანს დამკვიდრებულ ტრადიციას არც Porsche-ს ინჟინრებმა უღალატეს და ახალი Cayenne-ი წინამორბედს დაამსგავსეს.

 

 

ვიზუალური მსგავსების მიუხედავად, რეალურად ავტომობილი მთლიანად ახალია. შასიც კი ნოვატორულია - სამკამერიანი პნევმოსაყრდენებით. ზუსტად ასეთივეა გამოყენებული მეორე თაობის Audi Q7-სა და Bentley Bentayga-ზე.

 

Cayenne-ის ოჯახში ეს პირველი ავტომობილია, რომელსაც მთლიანად მართვადი შასი აქვს. მსგავსი სისტემა მეორე თაობის Panamera-ზეა დანერგილი. 50 კმ/სთ სიჩქარისას, მოხვევისას უკანა ბორბლები წინებისგან საპირისპირო მხარეს 1,5 გრადუსით ბრუნდებიან. თუ სიჩქარე მეტია - მოხვევის კუთხე 2,8 გრადუსამდე იზრდება.

 

 

ავტომობილზე ახალი ფოლადის სამუხრუჭე დისკები დაყენდა, რომლებიც ვოლფრამის კარბიდით არიან დაფარულნი. სპეციალური საფარი მათ ცვეთას შეამცირებს და საიმედოობას გაზრდის. ახალ Cayenne-ზე განივი მდგრადობის აქტიური სტაბილიზატორები დაამონტაჟეს, რომლებიც 48 ვოლტიანი სისტემით იკვებებიან.

 

საბაზო კონფიგურაციაში ცარიელი ავტომობილი 1985 კგ-ს იწონის, რაც მეორე თაობასთან შედარებით 55 კგ-ით ნაკლებია.

 

ამ ეტაპზე ახალ მოდელს მხოლოდ ბენზინის ძრავა ექნება. ის ორ ვარიანტში იქნება წარმოდგენილი – 340 და 440 ცხ.ძალა. ორივეს შემთხვევაში ავტომობილი რვაპოზიციანი სიჩქარის ავტომატური კოლოფით აღიჭურვება.

 

 

არსებობს Turbo ვერსიაც, რომლის პრეზენტაცია ფრანქფურტში გამართულ ავტოსალონზე შესდგა. ამ ვარიანტს 8 ცილინდრიანი ძრავა აქვს, რომელიც 550 ცხ.ძალა სიმძლავრეს გამოიმუშავებს. 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისთვის ასეთ Cayenne-ს 4,1 წმ სჭირება. მაქსიმალური სიჩქარე 286 კმ/სთ-ით განისაზღვრება.

 

Cayenne Turbo-ს აქტიური სპოილერი აქვს, რომელიც მდგომარეობას სიჩქარის ზრდასთან ერთად იცვლის და შესაბამისად უკანა ღერძზე მოქმედ დატვირთვას ზრდის. ამავე სპოილერს აეროდინამიკური მუხრუჭის პოზიციაც აქვს. მის შემთხვევაში 250 კმ/სთ სიჩქარისას სამუხრუჭე მანძილი 2 მ-ით მცირდება.

 

 

Porsche Cayenne-ის საბაზო კომპლექტაციაში გიგანტური 12,3 დუიმიანი ეკრანი, სენსორული პანელები, ციფრული მოწყობილობათა დაფა, სავარძლების ელექტროამძრავები, Bose-ს ტიპის მძლავრი აუდიოსისტემა და თანამედროვე ელექტრო სისტემების მთელი კომპლექსი შედის.

 

ერთადერთი ნაკლი, რომელიც ამ ავტომობილს ახასიათებს - ეს ღირებულებაა. მესამე თაობის Porsche Cayenne-ის ფასი 74 828 ევროდან იწყება. Turbo ვარიანტი - 138 850 ევროდ არის შეფასებული.

© 2015 Sun Petroleum Georgia