იმ ადამიანთა 78%, რომლებიც სედანს არ ფლობენ, მომავალში მის შეძენას გეგმავენ - ახალი კვლევა

Ford-მა, Fiat Chrysler Automobiles-მა და General Motors-მა საკუთარი სედანების ხაზი მნიშვნელოვნად შეამცირეს. თუმცა, შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება ამ კომპანიებმა ინანონ. როგორც ახალმა კვლევამ დაადგინა, იმ ამერიკელთა 78%, რომელიც სედანს არ ფლობს, მომავალში მის შეძენას გეგმავს.


Nissan-ის მიერ ჩატარებული კვლევა 18-65 წლის ასაკის ამერიკელ მომხმარებლებზე იყო ფოკუსირებული. კვლევამ აჩვენა, რომ სედანებით განსაკუთრებით დაინტერესებული არიან ახალგაზრდები; კერძოდ, 18-34 წლის ადამიანთა 86%, რომლებიც სედანს არ ფლობენ, მომავალში ან ახლავე გეგმავენ მის შეძენას. სედანის არამფლობელ 35-50 წლის ადამიანთა 81% კი მის შეძენას მომავალში აპირებს.

 


სედანის ამჟამინდელ მფლობელ რესპოდენტთა 89%-მა კი აღნიშნა, რომ მათ საკუთარი ავტომობილები სრულიად აკმაყოფილებთ. მათი კმაყოფილების დონე ოდნავ მაღალია არასედანის მფლობელებთან შედარებით.


მართალია, კროსოვერები და სატვირთოები თავიანთ ფუნქციონალურობით არის განთქმული, მაგრამ როგორც ჩანს, სედანის მფლობელები მაინც საკმაოდ ბედნიერნი არიან. კვლევის მიხედვით, სედანის მფლობელთა 95% მათ მანქანებში ყველაზე მომხიბვლელ ფაქტორად პირველ ადგილზე ფუნქციონალურობას ასახელებს. რაც შეეხება არასედანის მფლობელებს, მათში ფუნქციონალურობას პირველ ადგილზე 94% აყენებს.


აშკარაა, რომ კვლევის ამ შედეგებით Nissan-ი ფრიად კმაყოფილი იქნება, რადგან გასული რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანიამ ახალ თუ განახლებულ სედანთა ფართო ასორტიმენტი გამოუშვა. მათ შორის არის დიზაინირებული Altima და Versa, ისევე როგორც განახლებული Maxima. გარდა ამისა, კომპანია მუშაობას ასრულებს ახალ Sentra-ზე, რომელიც შესაძლოა, წლის დასაწყისში ჩინეთში წარმოდგენილი Sylphy-ს ერთგვარი გამოძახილი იყოს.


Nissan-ის ჩრდილოეთ ამერიკის მარკეტინგის მენეჯერის, რობ უორენის განცხადებით, ახალგაზრდა მომხმარებლებს სედანებში ძირითადად იზიდავს მრავალმხრივობა, ფასი და საწვავის მოხმარების ეკონომიურობა. იგი ასევე აღნიშნავს, რომ სედანები სულ უფრო აგრესიული ხდება, რაც ამ სეგმენტში ახალგაზრდა მყიდველთა მოზიდვას უწყობს ხელს.

© 2015 Sun Petroleum Georgia