საავტომობილო საწვავის ისტორია

ნებისმიერ ავტომობილს განურჩევლად დანიშნულების, მოდელის, დიზაინის თუ მისი ღირებულებისა ერთი რამ აერთიანებს - გაადგილებისთვის ყველა საწვავს საჭიროებს. მრეწველობის ისტორიაში, ავტომობილების საწვავმაც ევოლუციის დიდი გზა გაიარა. მოცემულ სტატიაში სწორედ ამ ევოლუციაზე მოგითხრობთ.

 

 

არც ისე შორეულ 1876 წელს ნიჭირმა გერმანელმა ინჟინერმა ძრავა შექმნა, რომელიც საწვავის დაწვისას გამონთავისუფლებული ენერგიის  ხარჯზე მუშაობდა. ეს ინჟინერი ნიკოლაუს ოტო გახლდათ. მისი მოწყობილობის მთავარი რგოლი - კარბურატორი იყო. აქ ერთმანეთს საწვავი და ჰაერი ერეოდნენ. ელექტრო-ნაპერწკლის მეშვეობით ცილინდრში შეკუმშული ნაერთი ფეთქდებოდა და წარმოქმნილი კინეტიკური ენერგია მუხლა ლილვს ატრიალებდა. საწვავის სახით ოტოს ძრავში ბენზინი მოიაზრებოდა.

 

ოფიციალურად ბენზინის საწვავის გამომგონებლად ბრიტანელი მაიკლ ფარადეი ითვლება. სწორედ მან 1825 წელს ნავთობროდუტქებზე ექსპერიმენტების ჩატარებისას სუფთა ბენზინი მიიღო.

 

 

რუდოლფ დიზელი

 

გასული საუკუნის დასაწყისში ავტომობილების მომრავლებასთან ერთად, ბენზინის ხელმისაწვდომობაზეც დაიწყეს ფიქრი. უნდა აღინიშნოს, რომ 1910-1920-იან წლებში ბენზინის საწვავი აფთიაქებში იყიდებოდა. საწვავით ხელმისაწვდომობის საკითხის გამარტივებაში პირველობა ამერიკელებს ეკუთვნის - 1907 წელს აშშ-ში კომპანია Standard Oil of California-მა (დღეს ის Chevron-ის სახელითაა ცნობილი) ქალაქ სიეტლში მსოფლიოში პირველი ბენზინ-გასამართი სადგური გახსნა.

 

ბენზინის მთავარი კონკურენტი დიზელის საწვავია. მასზე მომუშავე ძრავას შექმნის იდეა გერმანელ ინჟინერ რუდოლფ დიზელს ეკუთვნის.

 

ქაღალდზე შექმნილი პირველი პროტოტიპი ნახშირის მტვერზე მუშაობდა. თუმცა მის დაბალ ეფექტურობაში დიზელი მალევე დარწმუნდა და  ახალ მოდელზე დაიწყო ფიქრი. საგულისხმოა, რომ წინამორბედებისგან განსხვავებით დიზელს ახალი ველოსიპედის შექმნა არ ჭირდებოდა. ოტოს ოთხტაქტიანი ციკლის ძრავა შესანიშნავად მუშაობდა. დიზელი მხოლოდ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის მეთოდის და ბენზინთან შედარებით იაფ საწვავის მოძიებას ცდილობდა.

 

 

დიზელის მიერ შექმნილი პირველი მოქმედი ძრავას მოდელი ნავთზე მუშაობდა

 

დიზელმა არჩევანი ნავთობის გადამუშავების შედეგად მიღებულ შედარებით იაფფასიან პროდუქტებზე შეაჩერა. მისი ძრავას მუშაობის პრინციპი ოტოს მოდელისგან ძირფესვიანად განსხვავდებოდა. ცილინდრში შეწოვილი საწვავის აალებისთვის ნაპერწკალი არ იყო საჭირო. ეს შეკუმშვის შედეგად ხდებოდა. რთული კონსტრუქციის ჭკუაზე მოყვანას დიზელმა 5 წელი მოანდომა.

 

1895 წელს შექმნილი რუდოლფ დიზელის ახალი ძრავის პირველი მოქმედი მოდელი სიმაღლეში 3 მეტრი იყო და 19 ცხ.ძალას  გამოიმუშავებდა. იმავე წლის მაისში ძრავამ (ის ნავთზე მუშაობდა) შეუჩერებლივ 30 წთ იმუშავა. შემდგომში კონსტრუქციის დახვეწის შედეგად, შეუჩერებელი მუშაობის ხანგრძლივობამ 17 დღე–ღამემდე გაიზარდა. მსოფლიო ინდრუსტრია ახალი გადატრიალებისთვის ემზადებოდა.

 

საკუთარი ძრავის დიზელის საწვავზე ამუშავებას რუდოლფ დიზელი ვერ მოესწრო. ეს ემანუელ ნომელმა გააკეთა, რომელმაც ამ ტიპის ძრავების წარმოების ლიცენზია შეიძინა. იმ ხანად ნავთი საკმაოდ ძვირი იყო და ამიტომაც ნობელმა საკუთარ ქიმიკოსებს ნავთობპროდუქტებისგან იაფი საწვავის შექმნა დაავალა.

 

 

მსოფლიოში პირველი სერიული დიზელის ძღავიანი ავტომობილი - ფრანგული Citroen Rosalie

 

ბენზინთან შედარებით დიზელის საწვავი და მასზე მომუშავე ძრავები რამდენიმე უპირატესობით გამოირჩეოდნენ. უპირველეს ყოვლისა პრაქტიკულად იგივე გაბარიტებისას, მათ უფრო დიდი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდათ. არ იყვნენ მიდრეკილნი თვითაალებისკენ და უფრო მეტ სიმძლავრეს გამოიმუშავებდნენ.

 

1923 წელს მსოფლიომ დიზელის ძრავიანი პირველი სატვირტო ავტომობილი Benz 5К3 იხილა (30 ცხ.ძალა).

 

 

გერმანული Mercedes-Benz 260D-ი 45 ცხ.ძალა სიმძლავრის დიზელის ძრავით

 

პირველი სერიული სამოქალაქო ავტომობილი, რომლის კაპოტის ქვეშ დიზელის ძრავა იმალებოდა, 1933 წელს ფრანგულმა Citroen-მა წარმოადგინა. Citroen Rosalie-ის ძრავას სიმძლავრე 11 ცხ.ძალა იყო. ფრანგებს ბევრად არც გერმანელები ჩამორჩნენ და 1936 წელს დიზელის ძრავიანი საკუთარი Mercedes-Benz 260D-ი წარმოადგინეს. მისი 2,5 ლიტრი მოცულობის ძრავა 45 ცხ.ძალას გამოიმუშავებდა. 100 კმ-ზე საწვავის ხარჯი მხოლოდ 9 ლ იყო, მაშინ როდესაც იგივე სიმძლავრის ბენზინის ძრავას შემთხვევაში ეს ციფრი 13 ლ-ს აღწევდა.

 

უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში ბენზინის და დიზელის ძრავები, ისევე როგორც თავად საწვავი მნიშვნელოვნად დაიხვეწა. ორივე მათგანმა მსოფლიო მრეწველობაში საკუთარი ადგილი ჰპოვა. სამოქალაქო ავტომობილების ლომის წილი ბენზინს მოიხმარს, მაშინ როდესაც დიზელმა გამოყენების უფრო მართო სფერო ჰპოვა. ლოკომოტივები, სატვირთო ავტომობილები, სამხედრო ჯავშანტექნიკა, გემები - ყველა მათგანი მოძრაობაში რუდოლფ დიზელის მიერ გამოგინილ ძრავს და დიზელის საწვავს მოყავს. სხვათა შორის მსოფლიოში ყველაზე დიდი დიზელის ძრავა Wartsila-Sulzer RTA96-C 2 300 ტონას იწონის და 108 920 ცხ.ძალას გამოიმუშავებს. ამ გიგანტს კონტეინერმზიდებზე და სუპერტანკერებზე ამონტაჟებენ.

© 2015 Sun Petroleum Georgia