ოთხკარიანი კუპეების ფუძემდებელი Mercedes-Benz CLS

ამ ავტომობილის დიზაინი გულგრილს არავის დატოვებს. Mercedes-Benz-ის წარმომადგენლების განმარტებით, ის ოთხკარიანი კუპეების სერიაში ფლაგმანი გახდება.

 

ახალმა მოდელმა სრულად შეინარჩუნა  CLS-სთვის დამახასიათებელი ნაკვთები - სახურავის მდოვრე გადასვლები, მასიური უკანა ვერტიკალური საყრდენები, უკანა ფრთების მოყვანილობა და გვერდითა კარებების ფორმები. თუმცა დიზაინერებმა ამ მოდელს თავისი განსაკუთრებულობაც მიანიჭეს. ავტომობილს რადიატორის ახალი ცხაური და წინა ფარები აქვს.

 

 

CLS Coupe-ს ინტერიერი - E-კლასის და განახლებული S-კლასის ელემენტების გამოყენებით შეიქმნა. მოწყობილობათა დაფა პრაქტიკულად ერთი-ერთზე E-კლასიდანაა აღებული, საჭე კი - განახლებული S-კლასიდანაა ნასესხები. წინა სავარძლები სპეციალურად ამ ავტომობილისთვის 0-დან შეიქმნა. სალონის უკანა ნაწილში Mercedes-ის მოყვარულთათვის სიურპრიზია მომზადებული. CLS-ის შემთხვევაში პირველად უკანა სავარძელი 3 ადამიანს დაიტევს. აქამდე ამ მარკის ავტომობილში უკან მსხდომ მგზავრებს ერთმანეთისგან მასიური კონსოლი მიჯნავდა.

 

სავალი ნაწილის თვალსაზრისითაც, ახალ მოდელზე ბევრი დროით გამოცდილი ტექნიკური გადაწყვეტილებაა რეალიზირებული. E-კლასის მსგავსად ახალი CLS Coupe-ს შასის ბაზა 2939 მმ-ია, თუმცა ძარას შეცვლილი ფორმის გამო თავად ავტომობილი E-კლასზე ცოტათი გრძელია.

 

ავტომობილს საკიდების სამი ვარიანტი აქვს. საბაზო - ზამბარებით და პასიური ამორტიზატორებით; მეორე - ზამბარებით, ადაპტირებული ამორტიზატორებით და სიხისტის სამი რეჟიმით (კომფორტული, სპორტული და სპორტული+) და მესამე - პნევმატური ადაპტირებული ამორტიზატორებით.

 

 

ახალ მოდელზე ელექტრონული შიგთავსი თითქმის სრული შემადგენლობით განახლებული S-კლასიდანაა გადმოღებული. ბოლო თაობის ადაპტირებული კრუიზ-კონტროლი, რომელიც მოსახვევებში შესვლის წინ სიჩქარეს თავისით ამცირებს. საცობებში CLS Coupe თავისით ჩერდება და იძვრება ადგილიდან. თუმცა ამ შემთხვევაში გაჩერების ხანგრძლივობა 30 წმ-ზე მეტი არ უნდა იყოს.

 

გაყიდვების დაწყების მომენტისთვის ავტომობილი მხოლოდ სრული ამძრავით და ორი ტიპის ძრავით იქნება ხელმისაწვდომი. საუბარია 2,9 ლიტრი მოცულობის დიზელის ძრავებზე, რომლებიც შესაბამისად 286 და 340 ცხ.ძალა სიმძლავრეს გამოიმუშავებენ. 100 კმ/სთ ნიშნულის მიღწევისთვის ავტომობილს შესაბამისად 5,7 და 5,0 წმ დასჭირდება.

 

 

პერსპექტივაში ავტომობილზე 376 ცხ.ძალა სიმძლავრის ძრავას დაყენებაა დაგეგმილი. მასთან ერთად ავტომობილის გადაადგილებაში მონაწილეობას 22 ცხ.ძალა სიმძლავრის 48 ვოლტიანი სტარტერ-გენერატორი მიიღებს. ელექტროძრავა ავტომობილს დაძვრისას დაეხმარება. დამუხრუჭებისას კი რეკუპერაციის სისტემის გამოყენების წყალობით აკუმულატორს დამუხტავს.

 

© 2015 Sun Petroleum Georgia