Urus - მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ქროსოვერი Lamborghini-სგან

იტალიურმა ავტომწარმოებელმა, რომელიც მსოფლიოში სპორთქარების და ჰიპერქარების წარმოებითაა ცნობილი, ძალები  ახალი მიმართულებით მოსინჯა. მარკეტინგული კვლევებისა და ბაზრის დეტალური შესწავლის შემდეგ Lamborghini-იმ არჩევანი ქროსოვერებზე შეარჩია. ერთი შეხედვით არჩეული უჩვეულო მიმართულების მიუხედავად, კომპანიის ხელმძღვანელობა ახალ ქროსოვერზე სახელად Urus დიდ იმედებს ამყარებს.

 

 

სპეციალურად მისი წარმოებისთვის სანტა-აგატა-ბოლონიეზში ახალი ქარხანა ააშენეს. Lamborghini-ის საწარმო შესაძლებლობები გაორმაგდა. ამასთან ერთად გაორმაგდა გაყიდვების გეგმაც. 2019 წლისთვის წლიური გაყიდვების მოცულობამ ამჟამინდელი 3 500-დან 7 000-ს უნდა მიაღწიოს. ახალი გეგმის შესრულებაში იმედების ლომის წილს  სწორედ Urus-ზე ამყარებენ.

 

Urus-ის სიგრძე 5112 მმ-ია, სიგანე კი - 2016 მმ. „ფოლქსვაგენისთვის“ გამიზნულ პლატფორმის MLB Evo ბაზაზე შექმნილი ქროსოვერი 2 200 კგ-ს იწონის. საგულისხმოა, რომ ამავე პლატფორმის ბაზაზეა შექმნილი Bentley Bentayga და Audi Q7. ავტომობილს ალუმინის ძარა და სრულადმართვადი შასი აქვს, საბრუნი უკანა საბურავებით. Urus-ის პროექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება მის სავალ შესაძლებლობებს დაეთმო. ქროსოვერს ადაპტირებული პნევმატური და განივი მდგრადობის აქტიურ ელექტრო-მექანიკურ სტაბილიზატორთან შერწყმული საკიდი აქვს. პნევმატური საკიდი ავტომობილს 158-დან 248 მმ-ის დიაპაზონში კლირენსის რეგულირების საშუალებას აძლევს.

 

 

Urus-ის კაპოტის ქვეშ 650 ცხ.ძალიანი მონსტრი იმალება. 8 ცილინდრიანი ძრავას მოცულობა 4,0 ლიტრია. ამ ეტაპზე ავტომობილი მხოლოდ ამ ერთი ტიპის ძრავით აღიჭურვება. ქროსოვერის შემთხვევაში Lamborghini-ს აქცენტი ჩინურ ბაზარზე აქვს გაკეთებული. ხიდებზე ძრავის ბრუნთა რიცხვის გადაცემას 8 საფეხურიანი ავტომატური კოლოფი უზრუნველყოფს.

 

100 კმ/სთ განვითარებისთვის Urus-ს 3,6 წმ სჭირდება. 200 კმ/სთ-იანი ნიშნულის მიღწევისთვის კი - 12,8 წმ-ი. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 305 კმ/სთ-ია. ამ პარამეტრით ის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ქროსოვერია.

 

 

განვითარებადი სიჩქარის და მანქანის წონის გათვალისწინებით, Urus-ს სამუხრუჭე სისტემაც სათანადო აქვს. ავტომობილის წინა ხიდზე მსოფლიოში ყველაზე დიდი 440 მმ-იანი კარბონ-კერამიკული მუხრუჭებია გამოყენებული. უკანა ხიდის შემთხვევაში მათი დიამეტრი 370 მმ-ია.

© 2015 Sun Petroleum Georgia