ძრავის აალების რისკის გამო, სამხრეთ კორეა BMW-ის მარკის 20 000 ავტომობილის აკრძალვას

 

სამხრეთ კორეის ტრანსპორტის სამინისტრო BMW-ის მარკის დაახლოებით 20 000 ავტომობილის აკრძალვას გეგმავს. ამის მიზეზი ძრავის აალების შემთხვევების ზრდაა. აღსანიშნავია, რომ იანვარი-ივლისის მონაკვეთში, ცეცხლი უკვე 27 ავტომობილის ძრავს გაუჩნდა.

 

აღნიშნულის გამო გასულ კვირას ბოდიში მოიხადა სამხრეთ კორეაში BMW-ის განყოფილების თავმჯდომარემ და დიზელზე მომუშავე დაახლოებით 106 000 ავტომობილის უკან გაწვევის ბრძანებაც გასცა.

 

გამოცემა Automotive News Europe-ის ცნობით, მთავრობის აკრძალვა BMW-ის მარკის დაახლოებით 20 000 ავტომობილს შეეხება, რომლებიც ისედაც შედიან უკან გაწვევის სიაში.

 

„მოვუწოდებ უკან გაწვევის სიაში შეტანილი BMW-ების მფლობელებს, აქტიურად ითანამშრომლონ მწარმოებელთან, რათა თავიდან აიცილონ სერიოზული ინციდენტები, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი დიდ დისკომფორტთანაა დაკავშირებული“, — განაცხადა პრესკონფერენციაზე სამხრეთ კორეის ტრანსპორტის მინისტრმა კიმ ჰიუნ მიმ.

 

მინისტრის განცხადებით, დაზიანებული მანქანების პატრონებს მათი მართვა მაინც შეუძლიათ, მაგრამ შესაბამისი შემოწმების შემდეგ. აკრძალვის გადაწყვეტილება ძალაში რამდენიმე დღეში შევა.

 

ევროპაში ამ ნაკლის გამო BMW-მ უკან გაიწვია 340 000 ავტომობილი. ხარვეზი ჰაერის ცირკულირების მოდულში ფიქსირდება, განსაკუთრებით დიზელზე მომუშავე მოდელებში.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია