Nissan Leaf-ი ევროპაში 2018 წლის ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილია

ევროპის ბაზარზე შესვლიდან ერთი წლის თავზე, Nissan-ის ახალი თაობის Leaf-ი რეგიონში 2018 წლის ყველაზე გაყიდვად ელექტრომობილად იქცა.

 

Nissan-ის განცხადებით, 2018 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში, ევროპაში გაყიდულია 26 000 ერთეული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონტინენტის მასშტაბით, ყოველ 10 წუთში დაახლოებით ერთი Leaf-ი იყიდებოდა. გაყიდულთაგან, 8000 ერთეული კორპორატიულ სეგმენტზე მოდის, დანარჩენი კი საცალო სექტორზე.

 

 

აღსანიშნავია ისიც, რომ იაპონური მოდელი ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვებში 2018 წლის პირველ თვეების მუდმივი ლიდერი იყო. Nissan-ის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა ავსტრიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიასა და ესპანეთში. ნორვეგიაში კი, Leaf-ი 2018 წლის ყველაზე გაყიდვადი სამგზავრო მანქანა გახდა.

 

წინა მოდელთან შედარებით, გამორჩეულია ახალი Leaf-ის არა მხოლოდ მიმზიდველი დიზაინი, არამედ მართვის უფრო დიდი რანჯიც. აღჭურვილია ლითიუმის 40kWh სიმძლავრის ბატარეებით. მაქსიმალური რანჯი 270 კილომეტრს შეადგენს.

 

 

გარდა ამისა, 2018 წლის Leaf-ი ასევე აღჭურვილია ბოლო თაობის Nissan Intelligent Mobility ტექნოლოგიით, რომელიც მოიწავს ე. წ. e-პედალს, ProPilot-ისა და ProPilot Park-ის ნახევრად ავტონომიურ და პარკირების სისტემებს. და ბოლოს, ის წინა მოდელზე გაცილებით უსაფრთხოა — ავარიათა უახლესი ტესტის სტანდარტის გათვალისწინებით, Euro NCAP-მა უსაფრთხოების რეიტინგში მას ხუთი ვარსკვლავი მიანიჭა.

 

კომპაქტური ელექტრომობილი ამჟამად მსოფლიოს 51 სხვადასხვა ბაზარზე იყიდება და მასზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. პირველი და მეორე თაობების ერთად აღებული გაყიდვებით, Leaf-ი ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილია მთელ მსოფლიოში. 2010 წლიდან დღემდე, სულ გაყიდულია 350 000-ზე მეტი ერთეული.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია