Audi-ს S5 ხაზი შესაძლოა, 342 ცხენის ძალის მქონე V6 დიზელის ძრავით აღიჭურვოს

მიუხედავად ბოლო პერიოდში აგორებული დიზელის სკანდალისა, საწვავის ამ ტიპს Volkswagen Group-ი კვლავ ძალიან სერიოზულად უყურებს. უფრო მეტიც, კომპანიის მიდგომა იმდენად სერიოზულია, რომ შეიძლება, დიზელზე მომუშავე სპორტული მანქანებიც გამოუშვან Audi-ს ბრენდით.


აღნიშნულ ინფორმაციას Automobile Magazine ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ავტომწარმოებელი აპირებს გამოუშვას S5 Coupe-ს, S5 Cabriolet-ისა და S5 Sportback-ის დიზელის ვერსიები. როგორც ფრანგული გამოცემა იუწყება, Audi-ს ამ გეგმის ძირითადი მიზანი CO2-ის გამონაბოლქვის შემცირებაა.

 


საინტერესოა, რომელ ძრავზე შეჩერდება არჩევანი? თუ გავრცელებულ ცნობებს დავუჯერებთ, ეს იქნება 3.0-ლიტრიანი V6 TDI ჰიბრიდული ტექნოლოგია, რომელიც ახალ SQ5 TDI-საც აქვს. მას 342 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აღჭურვილია 8-სიჩქარიანი ტიპტრონიკული გადაცემათა კოლოფით, ოთხივე წამყვანი თვლითა და ელექტრო კომპრესორით, რომლის დებიუტიც SQ7 TDI-ში შედგა.

 


როგორც ცნობილია, წარმავალი S5 ოჯახის 3.0-ლიტრიანი ბენზინის ძრავს აქვს 349 ცხენის ძალა და 8-სიჩქარიანი ტიპტრონიკული გადაცემათა კოლოფი.

 


გამოცემა არ აკონკრეტებს, როდის გამოჩნდება ბაზარზე TDI-ზე მომუშავე S5 მოდელები, მაგრამ Audi უკვე მუშაობს გამარტივებულ A5-ზე, რომლის დებიუტიც სავარაუდოდ 2019 წლის ბოლოს ან 2020 წლის დასაწყისში შედგება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ S5-ის განახლებული მოდელები ალბათ 1-2 წლის შემდეგ გამოჩნდება.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია