Aston Martin–ის ექსკლუზიურ ავტომობილებზე მოთხოვნა მატულობს

Aston Martin–ის შემადგენლობაში შემავალმა ქვედანაყოფმა Prototype Operation, რომელიც ექსკლუზიური და კონცეპტუალური მოდელების შექმნით არის დაკავებული, გაყიდვების კუთხით მომავალი ორი წლის გეგმა უკვე შეასრულა. ავტომობილების ღიერბულების და დამზადების ტექნოლოგიიდან გამომდინარე (ყველა მათგანი მხოლოდ ხელით იწყობა) წელიწადში Prototype Operation–ი მხოლოდ ორ ერთეულს ამზადებს. დღევანდელი მდგომარეობით კი ანონიმურმა კლიენტებმა უკვე 4 ცალი შეიძინეს. ინფორმაცია ამის შესახებ ბრიტანული ავტომწარმოებლის ხელმძღვანელმა ენდი პალმერმა გაავრცელა.

 

ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში, პალმერმა აღნიშნა რომ ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ ორ მოდელზე – CC100 და Vantage GT12 Roadster–ი.

 

 

Aston Martin CC100

ექსკლუზიური სპიდსტერის პრეზენტაცია კომპანიამ 100 წლის იუბილეს დაამთხვია. ავტომობილის დებიუტი 2013 წელს ნიურბურგრინგზე 24  სთ–იან რბოლაში გაიმართა. ორადგილიანი V12 Vantage–ის ბაზაზე შექმნილ ავტომობილს ნახშირბოჭკოსგან (კარბონი) დამზადებული ძარა და V12–ის ტიპის ძრავა აქვს, რომელიც 517 ცხ.ძალა სიმძლავრეს გამოიმუშავებს. ადგილიდან 100 კმ/სთ ნიშნულის მიღწევისთვის CC100–ს 4  წმ–ზე ოდნავ მეტი დრო სჭირდება.

 

 

Aston Martin Valkyrie

პარალელურად Aston Martin–ი უახლესი ჰიპერქარის – Valkyrie–ის წარმოებისთვის ემზადება, რომელის შექმნაზეც ფორმულა 1–ის Red Bull–ის გუნდის ინჟინერ ედრიან ნიუისთან ერთობლივად მუშაობს. ნახშირბოჭკოვანი შასის ბაზაზე აგებულ ავტომობილს მხოლოდ 175 ერთეულის ოდენობით გამოუშვებენ. Valkyrie–ს V12–ის ტიპის და 6,5 ლიტრი მოცულობის ჰიბრიდული ძრავა ექნება, სიმძლავრით 1 000 ცხ.ძალა. საგულისხმოა, რომ ავტომობილი ენერგიის რეკუპერაციის სისტემას მიიღებს რომელიც ჯამურ მოცულობას 1 130 ცხ.ძალამდე გაზრდის. წინასწარი გათვლებით 320 კმს/სთ–მდე აჩქაერბას Valkyrie 10 წმ–ს მოანდომებს.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია