Morgan Aero-ს ფინალური ვერსიები, ოფიციალურ პრემიერამდე 3 თვით ადრე გაიყიდა

სპორტული ავტომობილებისა და სამთვლიანი 3-Wheeler-ების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია Morgan-მა ავტომობილ Aero 8-ის ფინალური ვერსიის დამზადება დააანონსა. ტირაჟი ძალზე შეზღუდული იქნება და ავტომობილი სახელით Aero GT მხოლოდ 8 ერთეულის ოდენობით დამზადდება. საგულისხმოა, რომ ოფიციალურ პრემიერამდე, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე ჟენევის ავტოსალონზე უნდა გაიმართოს, ყველა Morgan Aero GT-ი უკვე გაიყიდა.

 

 

ვიზუალურად ახალი ავტომობილი, რომელიც დიზაინერების განცხადებით Morgan-ის ისტორიაში ყველაზე დახვეწილი და ექსტრავაგანტული იქნება, სპორტული კუპე Morgan Aero GT3-ის იქნება მიმსგავსებული. ორკარიანი ავტომობილის ძარას ყველა პანელი ხელით დამზადდება.

 

ახალ Aero GT-ს კაპოოტის ქვეშ V8 ტიპის  და 4,8 ლიტრი მოცულობის ძრავა განთავსდება, რომელიც 372 ცხენის ძალა სიმძლავრეს გამოიმუშავებს. თავისმხრივ ძრავა სიჩქარეთა გადართვის 6 საფეხურიან მექანიკურ კოლოფთან იქნება დაკავშირებული. ინჟინრების გათვლით ადგილიდან დაძვრისას 100 კმ/სთ სიჩქარის ნიშნულის მიღწევისთვის Aero GT-ს მხოლოდ 4,5 წამი დაჭირდება. მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 272 კმ/სთ-ია.

 

 

Aero GT-სთვის ძრავების მოწოდებას გერმანული BMW ანხორციელებს. საგულისხმოა, რომ კომპანიამ V8-ის ტიპის ძრავების გამოშვება უკვე შეწყვიტა, ამიტომაც ახალი ავტომობილი ამ ტიპის ძრავებით აღჭურვილი უკანასკნელი მოჰიკანი იქნება.

 

არსებული ცნობებით, რვავე Aero GT-ი კომპანია Morgan-ის მუდმივმა კლიენტებმა შეიძინეს. ყველა ავტომობილს მფლობელის გემოვნებაზე მორგებული ინდივიდუალური სალონი აქვს.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია