14х12 - თოთხმეტი საბურავი და 710 ცხენის ძალა

ცივი ომის დროს აშშ-სა და სსრკ-ს შორის გამართულ სამხედრო პაექრობაში, ბირთვულ შეიარაღებას და მათ მატარებელ საშუალებებს განსაკუთრებული ყურადღება ენიჭებოდა. თანამედროვე წყალქვეშა ნავების, სტარეგიული ბომბდამშენების და ბალისტიკური რაკეტების შექმნაზე აუარებელი თანხები იხარჯებოდა.

 

 

ბირთვული ტრიადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ხმელეთზე განთავსებული ბირთვულქობინიანი რაკეტები გახლდათ, საკონტინენტთაშორისო ფრენის მანძილით. 1970-იან წლებამდე ყველა მათგანი სტაციონარული ბაზირებისა იყო. რაკეტას მიწის ქვეშ, სპეციალურ ვერტიკალურ შახტაში ათავსებდნენ. ზემოდან საინჟინრო ნაგებობას და მასში მყოფ რაკეტას მასიური რკინა-ბეტონის მოძრავი სახურავი იცავდა.

 

მოსკოვშიც და ვაშინგტონშიც ამ შახტების ზუსტი კოორდინატები კარგად იცოდნენ. ამიტომაც საჭირო იყო მობილური გამშვები დანადგარის შემუშავება, რომელიც წინასწარ განსაზღვრულ ასობით კილომეტრის სიგრძის მარშრუტზე იმოძრავებდა. გადაადგილების უნარი მოწინააღმდეგეს მის აღმოჩენას და განადგურებას გაურთულებდა.

 

 

1975 წელს სსრკ-ში ასეთ კომპლექსე მუშაობა მოსკოვის თბოტექნიკის ინსტიტუტში დაიწყეს, რომელსაც ჩვენი თანამემამულე გენერალური კონსტრუქტორი ალექსანდრე ნადირაძე ხელმძღვანელობდა.

 

ახალი კომლექსის შექმნამდე, სარაკეტო ტექნიკის სფეროში ნადირაძეს უკვე დიდი გამოცდილება ქონდა დაგროვილი. 1975 წელს სსრკ-მ შეიაღებაში ნადირაძის ერთდროულად ორი კომპლექსი Темп-2С-ი და მისი გაუმჯობესებული ვარიანტი РСД-10 Пионер-ი მიიღო. ორივე მათგანი 6 ღერძიან შასიზე ბაზირებდა.

 

 

ახალი კომპლექსისთვის, სადაც რაკეტის წონა 45 000 კგ-ს აჭარბებდა, სრულიად ახალი შასის შემუშავება გახდა საჭირო. მინსკის საავტომობილო ქარხანამ, რომელიც სამხედრო სატვირთო ავტომობილების და სპეციალური შასების შექმნაში დიდ გამოცდილებას ფლობდა, ნადირაძეს ახალი 7 ღერძიანი МАЗ-7912-ი შესთავაზა, თვლების ფორმულით 14х12. ავტომობილს 710 ცხ.ძალა სიმძლავრის 12 ცილინდრიანი ძრავა ჰქონდა და 17,3 მ-ის სიგრძისას 63 ტ-ს იწონიდა.

 

თავისთავად დიდი წონა საწვავის ხარჯზეც აისახა. 100 კმ-ზე МАЗ-7912-ი საშუალოდ 200-240 ლიტრ დიზელის საწვავს მოიხმარდა. თუმცა ამ შემთხვევაში ხარჯი სავსებით გამართლებული იყო. 110 ტ-ის მიუხედავად (სწორედ ამდენს იწონიდა მთლიანი კომპლექსი) ავტომობილი კარგი მართვადობით და გამავლობით გამოირჩეოდა. 825 ლ-იანი საწვავის ავზები, ავტომობილს 400-420 კმ-ის გავლის საშუალებას აძლევდა. ავტომობილის გაბარიტებიდან გამომდინარე მოხვევის რადიუსის შემცირებისთვის (მისი სიდიდე 27 მ-ია) МАЗ-7912-ს მართვადი წინა სამი ხიდი აქვს.

 

 

1982 წელს ავტომობილი გააუმჯობესეს. ახალ მოდელზე МАЗ-7917-ი შეიცვალა სამუხრუჭე და ძრავას შეზეთვის სისტემები. ხიდებზე დატვირთვის უკეთ გადანაწილებისთვის შასი 18,5 მ-მდე დააგრძელეს. ამიერიდან МАЗ-7917-ის სიგრძე, მასზე ზემოდან დადებული რაკეტით 22,3 მ-მდე გაიზარდა.

 

 

ყოველმხრივი გამოცდების შემდეგ, ალექსანდრე ნადირაძის უახლეს მობილურ სარაკეტო კომპლექსს, საკონტინენტთაშორისო მოქმედების ბალისტიკური რაკეტით „ტოპოლი“ დაარქვეს და შეარაღებაში 1988 წელს მიიღეს. რაც შეეხება ტვირთს, რომელსაც მინსკის 7 ღერძიანი გოლიათი დაატარებს, ეს 3 საფეხურიანი რაკეტაა მძლავრი ბირთვული ქობინით, რომელსაც მიზანს 11 000 კმ-ზე წვდება.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია