უსაფრთხოების ხარვეზის გამო, BMW ბრიტანეთიდან 300 000 ავტომობილს უკან იწვევს

BMW გაერთიანებული სამეფოდან 312 000 ავტომობილს უკან იწვევს, მიზეზი უსაფრთხოების ხარვეზია.  არსებობს რისკი, რომ მართვის დროს ამ მანქანებმა მუშაობა მოულოდნელად შეწყვიტონ და გზაზე გაჩერდნენ.

 

ამავე მიზეზით, ავტომწარმოებელმა შარშან 36 000 ავტომობილი გაიწვია, თუმცა ახლახან, BBC Watchdog-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ მსგავსი პრობლემები სხვა მანქანებსაც შეიძლება ჰქონდეს.

 

უკან გაწვეულ ავტომობილებს შორისაა 2007-2011 წლებში გამოშვებული BMW 1 და BMW 3 სერია, Z4-ის და  X1-ის ბენზინისა და დიზელის მოდელები. მანქანებს სერიოზული საფრთხეს უქმნის ელექტრული ხარვეზი, რომელმაც შესაძლოა, გზაზე მოძრაობისას ძრავის სრული გაჩერება გამოიწვიოს. საქმე ეხება ხარვეზს ენერგიის მიწოდებაში.

 

უკან გაწვევის პირველი ტალღა ავტომწარმოებელმა ყოფილი ჯარისკაცის, ნარაიან გურუნგის სიკვდილის შემდეგ განახორციელა. 2016 წლის შობა დღეს, გურუნგი ოჯახთან ერთად საკუთარი Ford Fiesta-თი ინგლისის ქალაქ გილფორდისკენ მიემგზავრებოდა, როდესაც გზაზე გაჩერებულ, მწყობრიდან გამოსულ BMW-სთან შეჯახების თავიდან აცილება სცადა, მაგრამ ხეს შეასკდა.

 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ხარვეზების გამო, გერმანულმა ავტომწარმოებელმა 2013 წელს 500 000 ავტომობილი გაიწვია აშშ-დან, ავსტრალიიდან, კანადიდან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან.

 

BMW-ს პრესსპიკერის განცხადებით, გაიხსნება მომხმარებელთა საჩივრების ხაზი, რომლის საშუალებითაც, კომპანია უახლოესი სამ კვირის განმავლობაში თავად დაუკავშირდება ყველა დაზარალებულ მომხმარებელს.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია