KIA SOUL EV – ელექტრომობილი 250 კილომეტრი სვლის სიშორით

Kia Soul-ი პოპულარული ავტომობილია, რასაც ვერ ვიტყვით მის ელექტრულ ვერსიაზე. ის თითქოს არც არსებობს. ამის გამო, კორეულმა კომპანიამ მისი განახლება გადაწყვიტა. ავტომობილი 30-კილოვატსაათიანი ელემენტების ბლოკით აღიჭურვა, რომლის ტევადობაც საკმარისია იმისათვის, რომ ერთი სრული დამუხტვით 250 კილომეტრი გაიაროთ.

 

 

არც ესაა ის მაჩვენებელი, რომ ელექტრულმა Soul-მა, რომლის განახლებული ვერსიაც გაყიდვაში მომავალ წელს გამოვა, ბაზრის სხვა ახალ მოთამაშეებს კონკუენცია გაუწიოს. თუმცა, პროგრესი აშკარაა – 2014 წელს გამოშვებული პირველი ვერსიის (27 კილოვატსაათი) სვლის სიშორე დაახლოებით 210 კილომეტრია.

 

 

სხვათა შორის, ერთი დამუხტვით ასევე 250 კილომეტრს გადის ელექტრომობილების სეგმენტის ერთ-ერთი ბესტ სელერის Nissan Leaf-ის 2017 წლის ვერსია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ავტომობილი ბაზარზე გაცილებით ადრე გამოვიდა, როცა მსოფლიოში ელექტრომობილებს თითზე ჩამოსათვლელი კომპანიები აწარმოებდნენ და ის უკვე დამკვიდრებულია მომხმარებელთა ცნობიერებაში. გარდა ამისა, იაპონური კომპანია მომავალ წელს ასევე განახლებულ „ლიფს“ გამოუშვებს, რომელიც 60-კილოვატსაათიანი ელემენტების ბლოკით აღიჭორვება.

 

 

ახალი Soul EV-ს ელემენტების სტანდარტული სისტემით სრულ დამუხტვას 20 საათი დასჭირდება, 6.6-კილოვატსაათიანი დასამუხტი მოწყობილობა კი ამავე საქმეს თითქმის 6 საათს მოანდომებს. ახლანდელთან შედარებით, ახალი Soul EV 13 კილოგრამით დამძიმდება. ცნობისათვის, ამჟამად ავტომობილი 1 565 კილოგრამს იწონის.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია